საქართველოს საკანონმდებლო მაცნე წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, არის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, დაარსებულია 1998 წელს და 2010 წლის ჩათვლით გამოიცემოდა ბეჭდური სახით.
2011 წლიდან საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ახალი ფორმატით მომხმარებელს სთავაზობს ყველასათვის ხელმისაწვდომ, დაცულ, მუდმივად განახლებად ოფიციალურ ვებგვერდს – matsne.gov.ge, სადაც მომხმარებელს შეუძლია იხილოს საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტები და საჯარო განცხადებები.
სწორედ matsne.gov.ge-ზე გამოქვეყნების შემდეგ იძენს ნებისმიერი ნორმატიული აქტი ოფიციალურ იურიდიულ ძალას.
ვებგვერდი მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალური იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტების სრულყოფილ მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს ყველა ნორმატიულ აქტს. ნორმატიული აქტების საძიებო სისტემაში მომხმარებელს შეუძლია იხილოს კოდიფიცირებული აქტები და მათი ისტორია, განხორციელებული ცვლილების ყველა სტადიაზე.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრი უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს ნორმატიული აქტების, აგრეთვე სხვა საჭირო დოკუმენტების თარგმნას ინგლისურ და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა უცხო ენაზე;
ბ) ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე სხვა საჭირო დოკუმენტების თარგმნას ქართულ ენაზე;
გ) ტერმინოლოგიური განმარტებითი ლექსიკონების შემუშავებას, ასევე ტერმინოლოგიურ მონაცემთა ბაზების შექმნას, განახლებასა და დახვეწას;
დ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელებას, თუ ეს ხელს არ უშლის მთარგმნელობითი ცენტრის ძირითად საქმიანობას.